სიახლეები

        2016 წლის კანის ფესტივალი

ავტორი: დათო ლობჟანიძე

21054665_20131104112050601კინომოყვარულები ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ, პირველები მსოფლიო კინოს მთავარ მოვლენად ოსკარებს მიიჩნევენ, მეორენი კი ცხადია, კანს. იმ მრავალ ფაქტორს, რომელიც ამ ორ ფესტივალს ერთმანეთისგან განასხვავებს, ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ კანის ფესტივალის შემთხვევაში ძალიან რთულია გამარჯვებულის წინასწარმეტყველება – მიზეზი მარტივია, ფილმების უმეტესობას მაყურებელი ფესტივალზე პირველად ნახულობს. გუშინ გამოცხადებული წელს საჩვენებელი ფილმების სია ამის კიდევ ერთი დასტურია. საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა ჟიურის თავმჯდომარეზეცაა დამოკიდებული, წელს ამ ამპლუაში შეშლილი მაქსის (Mad Max) ამერიკელი რეჟისორი, ჯორჯ მილერი მოგვევლინა.

ამერიკელი ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ წლევანდელ მთავარ საკონკურსო პროგრამაში ეს ქვეყანა საკმაოდ სოლიდურად, სამი ფილმითაა წარმოდგენილი. ეს ზოგადად ბოლო წლების ტრენდია, 2013-ში ოქროს პალმის რტოსთვის ხუთი ამერიკული ფილმი პაექრობდა. წლევანდელ ფესტივალს რაც შეეხება, ამჯერად ამერიკის ღირსებასჯიმ ჯარმუში (პატერსონი), შონ პენი (უკანასკნელი სახე) და შეიძლება ითქვას, უკვე ვარსკვლავი, ჯეფ ნიკოლსი(სიყვარული) დაიცავენ, ეს უკანასკნელი ყურადღებამისაქცევ რეჟისორების კუთხით ლიტაგორაზე არაერთხელ განვიხილეთ, მათ შორის ამ პოდკასტში. ჯარმუშს რაც შეეხება, ამ რეჟისორის ერთი ფილმი არ იკმარეს და არასაკონკურსო პროგრამაში მის დოკუმენტურ ნამუშევარს (იგი პოპზე) აჩვენებენ.

საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ვეტერანი რეჟისორების, ძმები დარდენების ახალი ფილმი, “უცნობი გოგო,” რომელიც რამდენიმე თვის წინ, წელს არ გამოსატოვებელ ფილმებს შორის მოვიხსენიეთ, ამ სიის ნახვა აქ შეგიძლიათ, ამავე სიაში რამდენიმე ფილმია, რომელიც კანის საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამაში შეგიძლიათ იხილოთ, მათ შორისაა პედრო ალმა[ო]დოვარის “ხულიეტა” და ჯოდი ფოსტერის “ფულის მონსტრი.”

ვეტერანებს რაც შეეხება, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს კენ ლოაჩის ახალი ნამუშევარი, “მე, დანიელ ბლეიკი.”ლოაჩი იმ იშვიათ ბრიტანელ რეჟისორებს შორისაა, რომელიც არაერთი სარფიანი წინადადების მიუხედავად, ამერიკაში მუშაობას ბრიტანეთში დარჩენა და სოციალურ პრობლემებზე მუშაობა განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ კენი ლოაჩს 80 წლის იუბილემდე რამდენიმე თვე აშორებს და პენსიაზე გასვლის შესახებ რეჟისორმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, ის მუშაობას მაინც განაგრძობს.

აზიელ რეჟისორებს შორის, პაკ ჩხან უკი უნდა გამოვარჩიოთ, საკულტო Oldboy – ს ავტორი ამჯერად ფესტივალზე“მოსამსახურეს” ჩამოიტანს. მოლოდინის და იმედების მიუხედავად, მარტინ სკორსეზემ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო ამბიციური ფილმის “სიჩუმის” დასრულება, ამიტომ ფესტივალი მის გარეშე ჩაივლის. თავში სამი ამერიკული ფილმი ვახსენეთ და აქვე რუმინული კინოს მორიგი წარმატება უნდა ავღნიშნოთ, ეს ქვეყანა საკონკურსო პროგრამაში ორი ფილმითაა წარმოდგნილი, ოქროს პალმის რტოსთვის კრისტიან მუნჯიუს „გამოცდა“ და კრისტი პუის „სიერა-ნევადა“იბრძოლებენ. კიდევ ერთი რუმინული ფილმი, “ძაღლები” ახალგაზრდა რეჟისორების სექციაში იქნება წარმოდგენილი.

საკონკურსო პროგრამაში ასევე საინტერესო უნდა იყოს ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უაღრესად წარმატებული კვებეკელი რეჟისორის, ხავიერ დოლანის ნამუშევარი “ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია” ( Juste la fin du monde). ფილმი სიკვდილის პირას მყოფი მწერლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დიდი ხნის უნახავი ოჯახის მონახულებას და ამბის გაზიარებას აპირებს.

წლევანდელ ფესტივალზე გასაკვირ ამბად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი ძლიერი კინო სკოლების ქვეყნებიდან წარმომადგენლების არ არსებობა, როგორიც იტალია და მექსიკაა. ამ სიაში ირანსაც დავამატებდით, რომ არა კანის ფესტივალის დირექტორის, ტიერი ფრემოს გაცნხადება, სადაც ნათქვამია, რომ მომავალ კვირებში გამოცხადებულ სიას შეიძლება კიდევ რამდენიმე ფილმი დაემატოს, მათ შორის ასგარ ფარჰადის “გამყიდველი.”

არასაკონკურსო ფილმებს შორის სახალისო უნდა იყოს, სტივენ სპილბერგის “დიდი მეგობრული გიგანტი” (BFG), რომელმაც შეიძლება ამ გამოცდილი რეჟისორის საუკეთესო წლების ნამუშევრები გაგვახსენოს.

მართალია, 80 წელს გადაცილებული ვუდი ალენი ბოლო წლებში ერთფეროვან ფილმებს იღებს, მისი ბოლო ნამუშევარი მაინც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება, თუნდაც იმიტომ, რომ Café Society ფესტივალს 11 მაისს გახსნის. წლევანდელი კანის ფესტივალი 22 მაისამდე გაგრძელდება. ფილმების სრული სია შეგიძლიათ აქ იხილოთ.